თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებამდე კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის FIBA-ს განახლებულ რეიტინგში საქართველოს კალათბურთის ნაკრები ექვსი საფეხურით დაწინაურდა და ახლა ევროპაში მე-12 ადგილს იკავებს, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ნაკრებმა წინა რეიტინგთან შედარებით დიდი პროგრესი განიცადა. ჩვენმა ნაკრებმა რეიტინგში ევროპის ჩემპიონ სლოვენიას გადაასწრო, რომელიც ამჟამად მე-14 პოზიციას იკავებს. ჩვენმა გუნდმა ასევე უკან ჩამოიტოვა რუსეთის ნაკრები, რომელიც მე-13 ადგილზეა.
„ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მოწინავე პოზიციებზეა და მომდევნო ორი თამაშის მოგების შემთხვევაში ჯგუში ოთხი გამარჯვებითა და არც ერთი წაგებით კიდევ უფრო დაწინაურდება“, – აღნიშნულია FIBA-ს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში უკვე ჩავიდა, საიდანაც ქალაქ ესპოოში გადავა, სადაც ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებს მასპინძელ ფინეთთან და შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები ფინეთს 28 ნოემბერს დაუპირისპირდება, 30 ნოემბერს კი შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება.
ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად ერთ-ერთი მასპინძლის რანგში გამოდის. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, როგორც ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს.
მიუხედავად ამისა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩვენმა გუნდმა უკვე დაამარცხა შვეიცარია ანგარიშით 96:88 და სერბეთი 94:90, რის შედეგადაც ორი მოგებით ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება.