ცქიტიშვილი: უნდა ავირჩიოთ ქმედითი შეზღუდვები

© photo: Sputnik / ქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მთავრობა სისტემური „ლოკდაუნის“ გამოცხადებას არ გეგმავს, თუმცა განიხილება მობილობის შემცირებისკენ მიმართული დამატებითი ზომები.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. გადაადგილების აკრძალვაზე საათების ხანგრძლივობა, შესაძლოა, გაიზარდოს, სავაჭრო ობიექტებისთვის კი კონკრეტული დღეების განმავლობაში მუშაობაზე შეზღუდვა დაწესდეს, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მაია ცქიტიშვილი: ამ ეტაპზე სისტემური ლოკდაუნის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული>>

ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში სისტემურ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა განიხილება მობილობის შემცირებისკენ მიმართული დამატებითი შეზღუდვები.

„ეს შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების განმავლობაში სავაჭრო ობიექტებისთვის, ან მათი საათების რეგულირება. ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო მიმართავს და ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რაც იქნება ქმედითი და ნაკლებად დააზიანებს ჩვენს სექტორს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად კვლავ პირბადე და სოციალური დისტანცია რჩება. პირბადის მოხმარების მხრივ კი ადმინისტრაციული კონტროლი კიდევ უფრო გააქტიურდება.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: მკაცრ ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ, ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს

გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში ქვეყნის ეკონომიკურ გუნდთან ბიზნესის წარმომადგენლებისა და კლინიკების დირექტორების შეხვედრები გაიმართა – განხილვის თემა ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წერტილოვანი შეზღუდვების არეალის გაფართოება იყო. მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, საქართველოს მთავრობა სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადებაზე უარს აცხადებს და წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს. 

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

ლოკდაუნს ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს – იმნაძე>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 111.818-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 92.215 შეადგინა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში 1.051 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0