თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ბელარუსის მართლმადიდებლურმა ავტოკეფალიურმა ეკლესიამ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ანათემას გადასცა, იუწყება მასმედია
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე არქიეპისკოპოსმა სვიატოსლავმა ტორონტოს წმიდა კირილის სახელობის ტაძარში წირვისას განუცხადა მრევლს.
მოგვიანებით გამოქვეყნებული საეკლესიო დოკუმენტის სახელწოდებაა „ანათემა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსი, რომელიც სჩადის უკანონობას, სიმართლისთვის დევნის და ხოცავს მართლმადიდებლებს და სხვა მშვიდობიან ქრისტიანებს ბელარუსში“.
„ჩვენ მოვუწოდებთ მათ, ვინც ჯერ კიდევ ემსახურება მის სატანურ ძალას, არ შეასრულოს დანაშაულებრივი ბრძანებები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ გელით წყევლა შთამომავლობისგან მიწიერ ცხოვრებაში და ჯოჯოხეთი ზეციურ ცხოვრებაში“, — ნათქვამია ანათემის ტექსტში.
საეკლესიო დოკუმენტი უკრძალავს მორწმუნეებს ლუკაშენკოს მოხსენიებას ლოცვებში მანამ, სანამ ის ეკლესიისა და ბელარუსი ხალხის წინაშე არ მოინანიებს.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსში „საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის“ გამო ევროკავშირის წევრმა შვიდმა სახელმწიფომ სანქციები დაუწესა ქვეყნის ხელისუფლებას. ახლა სამიტებზე მინსკი წარმოდგენილი იქნება არა მინისტრების, არამედ ექსპერტების სახით.