თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. იმ პირობებში, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 4 ათასს მიაღწია და ზრდა შეიძლება გაგრძელდეს, მნიშვნელოვანია, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის საავადმყოფოში ადგილები სრულად იყოს მობილიზებული, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ყოველდღიურად ფიქსირდება ახალი ანტირეკორდები ინფიცირებულთა რაოდენობისა და ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის კუთხით. გასულ დღე-ღამეში პაციენტების რაოდენობა 4.048-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი.
„როგორც ხედავთ, შემთხვევები იზრდება. ჩვენ გარკვეული მოლოდინი გვქონდა, რომ ამ დროისათვის 4 ათასს მივაღწევდით, და შეიძლება შემდგომი ზრდა კიდევ დაფიქსირდეს, განსაკუთრებით, თბილისში. ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ სრულად მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის მობილიზება მძიმე პაციენტებისთვის და კოვიდ–სასტუმროების მობილიზაცია მსუბუქი პაციენტებისთვის, სადაც უკვე მუშაობენ მაღალკვალიფიციური ბრიგადები“, – განაცხადა გაბუნიამ ჟურნალისტებთან.
გარდა ამისა, 10 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობას სახლის პირობებში გადის. ასე რომ, ყველა პაციენტი, ვისაც დღეს ჰოსპიტალური სერვისი სჭირდება, იღებს ამ მომსახურებას, 6 ათასზე მეტი ადამიანი საავადმყოფოებში რჩება და ოპტიმიზაციისთვის რესურსებიც არსებობს, აღნიშნა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, თუ კორონავირუსით დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციის პროცენტული მაჩვენებელი სხვა ქვეყნებში 10–15%-ს აღწევს, საქართველოში იგი 30%-ზე მეტია, ანუ პაციენტების თითქმის მესამედი კლინიკებში მკურნალობენ.
მისი თქმით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის ინფიცირება.
„ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას აჭარაში და პროგრამიდან სექტემბერში გასული მედპერსონალი დღეს უკვე ადგილზე იმყოფება. აქტიურად მიმდინარეობს სტუდენტების მობილიზაცია, საავადმყოფოებისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი დამხმარე პერსონალი“, – განაცხადა გაბუნიამ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 104.732 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 976 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 85.639 პაციენტი.