თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. თოვისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზღვარისკენ მიემართება, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტოტრანსპორტის აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.