თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. 2020 წლის საქართველოს თასის ფინალი გადაიდო, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
მიზეზი კი კორონავირუსია, რომელიც ერთ-ერთი ფინალისტი გუნდის მოთამაშეებს დაუდასტურდა. ფინალში ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები - წყალტუბოს „სამგურალი“ და „გაგრა“ დაუპურისპირდებიან. რომელი გუნდის ფეხბურთელებს აღმოაჩნდათ ვირუსი, ფედერაცია არ აკონკრეტებს.
„დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფედერაცია ასევე აცხადებს, რომ მატჩი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
დღეს ასევე კორონავირუსი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველსა და სარაგოსას „რეალის“ (Real Zaragoza) ფეხბურთელს გიორგი პაპუნაშვილს დაუდასტურდა. მანამდე - საქართველოს ნაკრების კიდევ ორ ფეხბურთელს - ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას. 18 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის" ერთბაშად 15 ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი.