პარასკევს საღამოს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „MBC“-ზე თავდასხმა მოხდა. 17 მძევლის გასათავისუფლებლად სპეცოპერაციას დაახლოებით ოთხი საათი დაჭირდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდამსხმელ ლევან ზურაბაშვილს ხელში ეჭირა არა ხელყუმბარა, არამედ ხელყუმბარის ფორმის სანთებელა.
შსს-ში განაცხადეს, რომ სამინისტროსა და დამნაშავეს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ზურაბაშვილი ეტაპობრივად ათავისუფლებდა მძევკლებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით: „ორი ან მეტი ადამიანის მძევლად აყვანა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა და ტარება“.

მძევლების აყვანის შესახებ ინფორმაცია ბევრისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა

წერეთლის გამზირი ოპერატიულად გადაიკეტა

უცნობი მამაკაცი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „MBC“-ში შეიჭრა, რომელიც წერეთლის გამზირზე პოლიციის განყოფილებიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს

შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია

უცნობთან, რომელმაც მძევლად 17 ადამიანი აიყვანა, მოლაპარაკებები დაიწყო

თავდაპირველი ინფორმაციით, თავდამსხმელი მძევლებს ხელყუმბარით ემუქრებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მხოლოდ ყუმბარის ფორმის სანთებელა იყო

თავდასხმისათვის დაკავებულმა ლევან ზურაბაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სოციალური ქსელების საშუალებით. ის მოითხოვდა საბანკო პროცენტის 7-მდე დაწევას, აზარტული თამაშების აკრძალვასა და წამლებზე ფასების დაწევას

მედიის წარმომადგენლებმა და სოცქსელების მომხმარებლებმა ზურაბაშვილს „ქართველი რობინ ჰუდი“ შეარქვეს

მოლაპარაკებების დროს ყველა მძევლის გათავისუფლება მოხერხდა. სპეცოპერაცია ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა

თავდაპირველი ინფორმაციით, თავდამსხმელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, თუმცა მისი ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფხიზელი იყო

შალვა ნათელაშვილმა ბრალდებულის მოთხოვნებთან დაკავბშირებით საკუთარ Facebook გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა: „ჩვენ ამას წლებია ვითხოვთ“. ხელისუფლებას მოვუწოდებ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები“, - წერს ნათელაშვილი

Facebook -ზე სხვადასხვა ადამიანები ტოვებდნენ კომენტარებს: „კეთილი მძარცველია, ხელი არ ახლოთ“, „ხვალ ხმას შენ მოგცემთ, რომელი ნომრით მონაწილეობ?“, „შენ ღმერთმა გამოგაგზავნა, შენი ადგილი პარლამენტშია. იქ ეხლა ბევრი ვაკანსიაა“, „მისი მძევლებიც კი კარგ ხასიათზე არიან“

მომხდარი ამყარებს აზრს, რომ აზარტული თამაშებისა და საბანკო კრედიტების პრობლემა მართლაც ძალიან მტკივნეული საკითხებია ქართველი საზოგადოებისათვის

მალე ახალი წელი მოვა,თუმცა განწყობა ბევრს საერთოდ არ აქვს, მიუხედავად ქუჩაში დამონტაჟებული საახალწლო ილუმინაციებისა. ალბათ, სწორედ ამიტომ მიიღო თავდამსხმელმა რიგითი მოქალაქეებისაგან უფრო მეტი თანაგრძნობა, ვიდრე განსჯა. როგორ დასჯიან მას ჩადენილისათვის - ამას სასამართლო გადაწყვეტს