თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ–შეხვედრა გამართეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დისტანციურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, იტალიაში, საბერძნეთისა და საფრანგეთის რესპუბლიკებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
ქართულმა მხარემ დიასპორის წარმომადგენელებს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში.
დავით ზალკალიანმა დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია, კერძოდ ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელობას.
პრეზიდენტის სასახლე მზადაა შეხვდეს ემიგრანტებსა და დიასპორების წარმომადგენლებს>>
დისტანციურ შეხვედრაზე ასევე განიხილეს დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია, კერძოდ, სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი მიმდინარე პროგრამები და პროექტები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებით პროგრამებზე.
უწეყბის ცნობით, მომავალ წელს დაიწყება კიდევ ერთი ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების უზრუნველყოფას საცეკვაო კოსტიუმებითა და დასაკრავი ინსტრუმენტებით.
თავის მხრივ, უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მადლობა გადაუხადეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ ძალისხმევისათვის, რომელიც პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების მიზნით გამოიჩინეს.
დიასპორის წარმომადგენლებთან პანდემიით გამოწვეული დისტანციური ხასიათის შეხვედრები აღნიშნულ ფორმატში რეგულარულად იმართება. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაო შეხვედრები ონლაინ–ფორმატში კვლავაც გაგრძელდება.