თბილისი, 20 ნოემბერი ― Sputnik. კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებული ზოგი პაციენტი კბილების ცვენას უჩივის, იუწყება გამოცემა Huffington Post ჯგუფ Survivor Corps-ზე მოთხრობილ ისტორიებზე დაყრდნობით.
აღნიშნული ჯგუფი სოციალურ ქსელში COVID-19-სგან განკურნებულმა დიანა ბერენტმა შექმნა, სადაც კორონავირუსით დაავადებული ადამიანები საკუთარ ისტორიებს აქვეყნებენ. გამოცემამ ამ ჯგუფში აღმოაჩინა შემთხვევები, როდესაც დაავადებისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ღრძილების სერიოზული პრობლემები და კბილების ცვენა ეწყებოდათ.
ვირუსოლოგი გვირჩევს: რომელი საპონი დაგვეხმარება COVID-19-თან ბრძოლაში>>
Huffington Post-მა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა ანგიოგენეზის ფონდის დირექტორს, ბიოლოგ უილიამ ლის. მეცნიერის განმარტებით, COVID-19-თ დაავადებულ პაციენტებში კბილების მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა კავშირში იყოს სისხლის მიმოქცევასთან ― გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსი სისხლძარღვებზე ახდენს გავლენას.
„ღრძილები უკიდურესად მდიდარია სისხლძარღვებით, ხოლო კბილის შიგნით არის პულპა, ანუ კბილის „ცოცხალი, მსუნთქავი ნაწილი“, რომელიც ასევე სავსეა სისხლძარღვებითა და ნერვებით. ზიანმა, რომელსაც COVID-19 სისხლძარღვებს აყენებს, შესაძლოა განკურნების შემდეგ კბილების პრობლემებით იჩინოს თავი“, ― აცხადებს სწავლული.
გარდა ამისა, ნიუ-იორკის გლობალური ჯანდაცვის სააგენტოს დირექტორის ერიკ ჩოე-პენას თქმით, კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში რეცეპტორ ACE2-ის დახმარებით აღწევს, რომლებიც მრავლადაა არა მარტო ფილტვებში, არამედ პირის ღრუშიც.
- „ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობს თეორიული ბიოლოგიური გზა, რომლის მეშვეობითაც კორონავირუსს პირის ღრუზე ზემოქმედება შეუძლია“, ― განმარტა მან.
ამასთან ჩოე-პენას აზრით, COVID-19-სა და კბილების პრობლემებს შორის კავშირის დასადგენად დამატებითი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.