თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ევროკავშირმა საქართველოდან შინაური ცხოველების საკვების ექსპორტი დაუშვა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და იგი იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს დაამატა, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ცხოველების საკვების შეტანა ნებადართულია.
„აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ევროკომისიის სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა საქართველოში სპეციალური ვიზიტისას დადებითად შეაფასა", – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, კანონმდებლობის ფარგლებში განისაზღვრა ექსპორტის განხორციელების ტექნიკური პროცედურები, კერძოდ, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო.
ევროკავშირის ბაზარზე ასევე ნებდართულია ქართული თაფლის, შავი ზღვის ქაფშიის და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტი.