თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ისეთი ონლაინ-კომპანიების პლატფორმებზე, როგორებიცაა Amazon, Wish და eBay, ზოგჯერ უკიდურესად სახიფათო პროდუქცია იყიდება, რომლებიც, როგორც წესი, მომხმარებლებს მეტისმეტად მაცდური ფასებით იზიდავენ, იუწყება BBC მომხმარებელთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებზე დაყრდნობით.
ორგანიზაცია Electrical Safety First-ის შეშფოთების მიზეზი გახდა ლეპტოპი, რომელსაც Amazon-ზე შეძენილი აკუმულატორის დაყენების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.
„დაახლოებით 22:30 საათი იყო. ჩემი ორი ძაღლის გასეირნებას ვაპირებდი. ამ დროს ლეპტოპი მაგიდაზე იდო და იტენებოდა. უცბად გაისმა ჭახანი. პანიკაში ჩავარდნილმა ძაღლებთან ერთად ბაღში ვისკუპე და უკვე იქიდან დავინახე თავზარდაცემულმა, თუ როგორ ავარდა ალი ლეპტოპზე და მერე ცეცხლი მაგიდასაც წაეკიდა“, — ამბობს რეიჩელ კენტი, რომელმაც „ამაზონზე“ შეიძინა უვარგისი აკუმულატორი.
საბედნიეროდ, სახანძრო დროულად მივიდა შემთხვევის ადგილზე და ცეცხლი ჩააქრეს.
რეიჩელს ექსპერტებმა უთხრეს, რომ ლეპტოპი სწორედ იმ აკუმულატორის გამო აფეთქდა, რომელიც „ამაზონზე“ შეიძინა.
ESF-ის აღმასრულებელ დირექტორს ლესლი რადს ეჭვიც არ ეპარება, რომ შობის წინა დღეებში ბევრი ადამიანი კვლავ მიმართავს ინტერნეტით ონლაინ-შესყიდვებს. ამიტომ დაჟინებით ურჩევს ყველას, „ვინც ელექტროტექნიკას ყიდულობს, შეიძინოს ისინი მაღაზიებში ან ცნობილი მწარმოებლების ვებ-საიტებზე და არა მესამე პირებისგან, რომლებიც ინტერნეტით ვაჭრობენ“.
„გამოძიების დროს ჩვენ ძალიან საშიში პროდუქტები ვიპოვეთ. უხარისხო ან ფალსიფიცირებული ნივთების თვალით დადგენა ზოგჯერ ძალზე ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გამოცდილება არ გაქვთ“, — ამბობს ლესლი რადი.
მას ეთანხმება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომპანია Which?-ის წარმომადგენელი სიუ დევისიც, რომელიც ყველაზე ფართო სპექტრის პროდუქციის ტესტირებითა და შედარებით არის დაკავებული.
„Which? მუდმივად აფიქსირებს უამრავ საშიშ საქონელს, რომლებიც ინტერნეტ-მაღაზიებში იყიდება, მათ შორის, ნაძვის ხის მოსართავებსა და საბავშვო სათამაშოებსაც. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ზამთარს ადამიანები უფრო მეტად იქნებიან დამოკიდებული ინტერნეტ–შესყიდვებზე, კარგი იქნებოდა, თუ ონლაინ-გამყიდველებს იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ მათ მიერ გაყიდული პროდუქციის უსაფრთხოებაზე, რათა სახიფათო პროდუქცია შობაზე სახლებში არ აღმოჩნდეს“, — განაცხადა დევისმა.