თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრის ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს“, – აცხადებენ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 85 952 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 68 929, გარდაიცვალა 778 პაციენტი.