თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუს მოლდოვაში გამართულ საპრეზოდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ამის შესახებ სახელმწიფო მეთაურმა Twitter-ზე დაწერა.
„გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი ქალი პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანია. მოუთმენლად ველი თანამშრომლობასა და ევროპისკენ საერთო გზის გაკვლევას“, – წერს ზურაბიშვილი.
მოლდოვაში 15 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ქვეყნის ექს-პრემიერი, პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ მონაწილეობდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სანდუმ ხმების 57,75% მიიღო, ხოლო დოდონს ხმა ამომრჩევლების 42,25%-მა მისცა. თანამედროვე მოლდოვის ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტი პირველად გახდება ქალი.