თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსკოვის გამზირზე არსებული ორკილომეტრიანი შუა ზოლი დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციაც ახლახან განხორციელდა, იუწყება თბილისის მერია.
თბილისის მერის თქმით, წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში არსებული გზაგამყოფის რეაბილიტაციის შედეგად კეთილმოწყობილი და უსაფრთხო დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
„მოსკოვის გამზირზე კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა. ყველამ კარგად იცის, რომ ეს გზაგამყოფი წლების განმავლობაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. აქ ადრე ტრამვაის ხაზი გადიოდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგვეხდინა მისი სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო სასეირნო ზოლი და ველობილიკები; დაიდგა ტრენაჟორები, ატრაქციონები.
„ამ ყველაფრის შედეგად ძალიან მაგარი სივრცე შეიქმნა. დარჩენილია მხოლოდ გაწმენდის სამუშაოები და გამწვანების მცირე სამუშაოები, რომლებსაც რამდენიმე დღეში დავასრულებთ. მთლიანი სივრცე, რომელიც 2 კილომეტრს მოიცავს, აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით იმისთვის, რომ წესრიგი მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შუა ზოლზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ველო და სასეირნო ბილიკები, განათების, სარწყავი და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები, განთავსდა სკამები და ურნები. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახეობის 9063 ძირი მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი.
თბილისის მერთან ერთად რეაბილიტირებული გზაგამყოფი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა დაათვალიერეს.