თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. სომხეთმა რუსეთის შუამავლობით მიმართა აზერბაიჯანს თხოვნით, ქელბაჯარის რაიონიდან ჯარისა და სამოქალაქო მოსახლეობის გაყვანა 15 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე გადაუვადოს.
ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო საკითხების პოლიტიკის განყოფილების გამგემ ჰიქმეთ გაჯიევმა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანი დათანხმდა, სომხურ მხარეს დამატებითი დრო მისცეს.
„ქელბაჯარიდან სომხეთისკენ მიმავალი ერთადერთი გზის გადატვირთულობის და მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, აზერბაიჯანმა სომხეთის თხოვნას თანხმობით უპასუხა“, - განაცხადა გაჯიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, აღდამის და ლაჩინის რაიონებიდან სომხური ჯარებისა და მოსახლეობის გაყვანა განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული განრიგით - 20 ნოემბრამდე და 1 დეკემბრამდე შესაბამისად.
რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივი ერთობლივი განცხადება 2020 წლის 10 ნოემბერს არის ხელმოწერილი. აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებმა 2020 წლის 10 ნოემბრიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ყველა სამხედრო მოქმედებისა და ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.