თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ ამჯერად FORD TRANSIT-ის მარკის 20 ერთეული ახალი მიკროავტობუსი და IVECO-ს მარკის 7 ერთეული სპეციალიზებული მანქანა–მაცივარი შეისყიდა.
ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ. ახალი ავტომობილები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, შემუშავებული გეგმის შესაბამისად გადანაწილდება.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალებების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.
თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი თავდაცვის ძალების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. კერძოდ, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეცტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების – გერმანული MAN-ის, იტალიური IVECO-ს და ამერიკული FORD-ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება.
პროექტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეისყიდა Toyota Land Cruiser მარკის ყველგანმავალი ახალი სატრანსპორტო საშუალებები, Toyota Hilux მარკისა და FORD Ranger-ის მარკის 0.75 ტონა ტვირთამწეობის „პიკაპები“. ჯამში თავდაცვის სამინისტროს 500-ზე მეტი ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შეემატება.