თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გარდაცვლილთა წილი 0,86%-ს შეადგენს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ეს საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის 49 ქვეყანას შორის, ლიეტუვასა და სლოვაკეთს გარდა. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 33 პაციენტი, ხოლო პანდემიის დაწყებიდან დღემდე - 599.
„ეს შესანარჩუნებელია და მინისტრთან დღეს სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ. რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა ზრდა ცუდია, მაგრამ მთავარი საზომი მაინც მინიმალური ადამიანური დანაკარგია და ამ მხრივ ჯერჯერობით ევროპაში სახარბიელო პოზიციებზე ვართ“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძემ ასევე დადებითად შეაფასა კლინიკური მართვის ასპექტი და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით კარგ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. მაგალითად, იტალიასთან შედარებით, სიკვდილიანობის პროცენტი საქართველოში ხუთჯერ ნაკლებია, აღნიშნა ცერცვაძემ.
„მინდა მაინც ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ - კი, შემთხვევების მკვეთრი ზრდა აღინიშნება, რასაც აქვს თავისი მიზეზები. ყველა ქვეყანა ერიდება სრული „ლოკდაუნის“ შემოღებას და ჩვენც ვახორციელებთ წერტილოვანს. ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი ახორციელებს სრულ ან სრულთან მიახლოებულ „ლოკდაუნს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობამ საზოგადოების დაკვეთა გაითვალისწინა, რომელსაც სრული ლოკდაუნი არ სურს.
„ჯერჯერობით ჩვენი მთავრობა ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, რომელსაც „ლოკდაუნი" არ უნდა, არის წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც გაიზრდება, მაგრამ ჯერ „ლოკდაუნამდე" ძალიან შორს არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 69 681 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 52 169 პაციენტი. გარდაიცვალა 599 ადამიანი.
ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.