ყველაფერი განსაკუთრებულად მოხდება: ოპოზიცია პომპეოს აქციით დახვდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიგი უგულავა
გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიგი უგულავას თქმით, ამერიკელ დიპლომატს საზეიმო დახვედრას მოუწყობენ და შეახსენებენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების „ტოტალური გაყალბების“ შესახებ.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში აქციის გამართვას 17 ან 18 ნოემბერს, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს გეგმავს, განაცხადა ჟურნალისტებთან პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, აქცია „არჩევნების ტოტალურ გაყალბებას“ მიეძღვნება.

„17 ან 18 ნოემბერს აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციის გამართვას ვგეგმავთ. აქცია მიეძღვნება არჩევნების ტოტალურ გაყალბებას და ასევე იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მაიკ პომპეოს საზეიმო დახვედრა“, – განაცხადა უგულავამ.

მისი განმარტებით, აქციის ჩატარების ადგილი იქნება განსაკუთრებული, პროტესტის დროს არ გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები და პომპეოს დახვედრა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვითა და ამერიკის დროშებით მოხდება. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ბუნებრივია, რომ მაიკ პომპეო ოპოზიციას არ ხვდება

უგულავამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რუსთაველის გამზირზე შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრები.

სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე წარიმართება – ოპოზიცია არ ცნობს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ახალ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აშშ-ის დიპლომატიური მისია და ევროპელი დიპლომატები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ და შუამავლის როლის შესრულების მზადყოფნას გამოხატავენ.

ყველა ახალი ამბავი
0