ზალკალიანი: საქართველო მიესალმება რეგიონში მშვიდობის დამყარებაში საერთაშორისო ჩართულობას

გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შემდგომ დიალოგს.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველო მიესალმება საერთაშორისო ჩართულობას და საერთაშორისო აქტორების გააქტიურებას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებისთვის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების ამ მიმართულებით მონაწილეობა რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება.

„საქართველოს პოზიცია მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ არის ასახული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას რეგიონში. საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, ჩვენი რესურსების გათვალისწინებით, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მხარეებს შორის დიალოგს“, – განაცხადა ზალკალიანმა. 
ზავი მთიან ყარაბაღში: რაზე მორიგდნენ აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი - Sputnik საქართველო
ზავი მთიან ყარაბაღში: რაზე მორიგდნენ აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი

სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით 2020 წლის 10 ნოემბრიდან მთიან ყარაბაღში ცეცხლისა და საომარი მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას ხელი სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურებმა 9 ნოემბერს მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, ხოლო არაღიარებულ მთიან ყარაბაღში შედიან რუსი სამშვიდობოები. ისინი განთავსდებიან მხარეთა შეხების ზოლზე და იმ დერეფნის მიმდებარედ, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

ბაქომ და ერევანმა ტყვეების გაცვლის ვალდებულება აიღეს. ასევე სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ქელბაჯარის, ლაჩინის და აგდამის რაიონები.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს სდებენ ბრალს. მხარეებმა რამდენჯერმე მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ბრძოლები ამ დრომდე გრძელდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0