თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ომი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა, განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას.
„სამამულო ომი დამთავრდა. აზერბაიჯანმა ამ ომში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ჩვენი მიწები თავისუფალია ოკუპაციისგან, ჩვენ გავაძევეთ ოკუპანტები ჩვენი მიწებიდან“, — თქვა პრეზიდენტმა.
ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ბაქო ყარაბაღში ზარალის რაოდენობას შეაფასებს და ერევნისგან კომპენსაციას მოითხოვს.
მანამდე, 9 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან ტყვეთა გაცვლას დაიწყებენ.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთი მთიან ყარაბაღში 1 960 სამხედრო მოსამსახურეს, 90 ჯავშანტრანსპორტიორს, 380 ერთეულ სხვა სპეციალურ ტექნიკას განათავსებს. სამშვიდობო ოპერაციის მართვის მიზნით სტეფანაკერტის მიდამოებში რუსეთის სამშვიდობო ძალების შტაბი განთავსდება.
ბაქოში შეთანხმება ერევნის კაპიტულაციად შეფასდა. პრეზიდენტმა ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული დოკუმენტი აზერბაიჯანისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელია.