თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური ფრაქცია „ნათელი სომხეთის“ ლიდერმა ედმონ მარუკიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია სამხედრო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების დასრულების შემდეგ სომხეთს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, იუწყება Sputnik-სომხეთი.
9 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, ხოლო აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან ტყვეთა გაცვლას დაიწყებენ.
„ერთი რამ ცალსახაა - სომეხმა ხალხმა არ წააგო. ამ შემთხვევაში წააგო ქვეყნის ხელმძღვანელმა. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ დამარცხებულ ხელმძღვანელთან, ის უნდა წავიდეს. როგორ და როდის, ამას სამხედრო საკითხების და უსაფრთხოების საკითხების გადაჭრის შემდეგ განვიხილავთ“, - განაცხადა მარუკიანმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში.
მისი თქმით, მან არაერთხელ მიმართა ფაშინიანს დახურული შეხვედრის მოთხოვნით, გუშინაც მისწერა, მაგრამ პრემიერმა არასტაბილური სიტუაციის საბაბით იუარა. მარუკიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე დოკუმენტის შესახებ მან პრემიერთან გასაუბრების ბოლო მცდელობიდან რამდენიმე საათში შეიტყო.
სომხეთი, რომელიც ყარაბაღთან ერთად 42 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, და რომლის პრემიერიც ნიკოლ ფაშინიანი იყო, აღარ არსებობს.
„ის სომხეთი აღარ არსებობს, მათ შორის ფაშინიანის მიერ გატარებული პოლიტიკისა და მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის გამო“, - განაცხადა მარუკიანმა.
ადრე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად 01:00 საათიდან მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს სდებენ ბრალს. მხარეებმა საერთაშორისო შუამავლების მეშვეობით რამდენჯერმე მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ბრძოლები ამ დრომდე გრძელდებოდა.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ავტონომიის მოსახლეობის სომხურმა ნაწილმა საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასვლა მოისურვა. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1992–1994 წლებში ბაქომ მთიან ყარაბაღზე და მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგა.
აზერბაიჯანი თავის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას მოითხოვს. სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს.