თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საფრანგეთის ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა ქვეყანაში შესვლის წესებში, რაც, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება.
შეზღუდვები დაწესდა საქართველოდან და ევროკავშირის შენგენის ზონის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის მეტროპოლიაში შესვლაზე.
საფრანგეთში 11 ნოემბრიდან შესვლას შეძლებენ მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეები, მათი მეუღლეები და შვილები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მოქმედი პასპორტი და საფრანგეთში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ასევე ოფიციალური პასპორტის მფლობელები – უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობაში მუშაობენ, ან საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის შტაბ-ბინაც საფრანგეთშია, ასევე მათი მეუღლეები, შვილები და ა.შ.
ამას გარდა, ქვეყანაში შემსვლელს უნდა ჰქონდეს განცხადება კორონავირუსის სიმპტომების არარსებობის შესახებ. აღნიშნული ცნობის ამობეჭდილი ან ციფრული ვერსია პირმა უნდა წარუდგინოს სატრანსპორტო კომპანიებს გასამგზავრებელი ბილეთის გამოყენებამდე. გარდა ჩვეულებრივი დოკუმენტებისა, ცნობა ასევე უნდა წარადგინოს საფრანგეთის შიდა საზღვრებზე განხორციელებული კონტროლისას.
თუ საფრანგეთში შესვლის სურვილის მქონე პირს ეს ცნობა არ ექნება, ავიაკომპანიამ მას შეიძლება ბორტზე ასვლაზე უარი უთხრას, უკიდურეს შემთხვევაში კი სასაზღვრო კონტროლისას საფრანგეთის ტერიტორიაზე არ დაუშვას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში შესვლის ყველა მსურველს 11 ნოემბრიდან თან უნდა ჰქონდეს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტი. ეს ტესტი თვითმფრინავში ჩაჯდომის დროსაც შეიძლება მოითხოვონ.
საქართველომ ავირეისები პარიზის მიმართულებით მიმდინარე წლის ივლისში აღადგინა. ევროპის 13 ქალაქის გარდა ავიამიმოსვლა სხვა მიმართულებებით ძირითადად შეჩერებულია. გამონაკლისს წარმოადგენს ჩარტერული რეისები.