თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. კახეთში 11 ნოემბრიდან რეგიონში მეორე კოვიდ–კლინიკა ამუშავდება, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მიიღებს.
როგორც როგორც კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა განაცხადა, თელავის ცენტრალური საავადმყოფო, რომელიც 70 კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტზეა გათვლილი, სრულად აღჭურვილია სპეციალური ტექნიკითა და ხელოვნური სუნთქვის აპარატებით.
კოვიდ–კლინიკასთან ერთად თელავში მეორე კოვიდ–სასტუმროც გაიხსნა, რომელშიც ექიმთან ერთად მსუბუქი სიმპტომების მქონე ინფიცირებულებს გადამზადებული მედიკოსები მოემსახურებიან.
„პირველი რიგში ვიტყვი, რომ რეგიონის რვავე რაიონში, მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობის მატებისა, ეპიდვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ადგილობრივი ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ“, – განაცხადა შიოშვილმა.
კახეთში კიდევ ერთი კოვიდ–კლინიკა ლაგოდეხში მუშაობს. კლინიკა „არქიმედე“ 30 ინფიცირებულზეა გათვლილი.
ბოლო დღე-ღამეში კახეთში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2970-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 63650-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 47 390 პაციენტი. გარდაიცვალა 521.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.