თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცესკოს შენობასთან დაკავებულ ორ პირს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, სამი გაათავისუფლა და 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ცესკოს შენობასთან ღამის აქციის დროს დაკავებულებზე სასამართლო პროცესი გრძელდება. სულ დაკავებულია 19 ადამიანი. ყველა მათგანს ბრალად ედება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა.
პირველი არხის ინფორმაციით, ბრალდების მხარემ სასამართლოზე მტკიცებულების სახით ვიდეომასალები წარმოადგინა. თავის მხრივ, დაკავებულთა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამ კადრებზე მათი დაცვის ქვეშ მყოფები არ ფიგურირებენ.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ კვირას ცესკოს მთლიანი აპარატის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ცესკოსთან, სადაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი - პოლიციელები, აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები.
დღეს მიტინგი განახლდა, არსებულ მოთხოვნებს პოლიციის ქმედებების წინააღმდეგ პროტესტი დაემატა.