ოპოზიციამ თბილისში ახალი აქციები დააანონსა

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა მელია აქციაზე. 9,11,2020
ნიკა მელია აქციაზე. 9,11,2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია დიდი აქციის გამართვას გეგმავს 21 ნოემბერს, ერთმანდატიან ოლქებში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს

თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტიები ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ არჩევნების მეორე ტურის დღეს, შაბათს, 21 ნოემბერს, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

„ეს გამზირი უნდა გადაივსოს შაბათს, 15:00 საათზე და გადაივსება. ამით სხვა იმპულსი მიეცემა ჩვენ ბრძოლას. მაგრამ შაბათამდე ყველანი ვიბრძოლებთ ყველა კუთხე-კუნჭულში“, - განაცხადა მელიამ.

ამავე დროს დასძინა, რომ ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ მეორე ტურში მონაწილეობას.

„მეორე ტურები, სავარაუდოდ იქნება 21 ნოემბერს და მაშინ, როდესაც მთელი „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის მიყვანით დაკავდება, ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ და ამით მსოფლიომ დაინახოს, რომ ხალხი დგას გარეთ და ხალხი აპროტესტებს”, — განაცხადა მელიამ.

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი - Sputnik საქართველო
„იქნება ცხელი სასმელი, მუსიკა, პლედები“ - ვინ დაარღვევს გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას

მელია, ოპოზიციის სხვა 16 წარმომადგენელთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურში გავიდა. პირველი ტურის შედეგად გლდანში მელიამ პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ისევე, როგორც მთელმა ოპოზიციამ, უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლაზე.

მეორე ტური თბილისის რვავე და რეგიონის რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება. რეგიონებში მეორე ადგილზე გავიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები, თბილისში კი - ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები და პარტია „მოქალაქის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

დღეისათვის ოპოზიცია უარს აცხადებს საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რომელთა თანახმად, მმართველმა პარტიამ 48,32% მიიღო, და უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე.

მმართველ პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ არჩევნების გაყალბებას და აცხადებენ, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა აღნიშნეს.

ყველა ახალი ამბავი
0