თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გამართვა პრობლემა არ არის, თუ დიალოგის თემა და არსი სწორი იქნება, განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბექა დავითულინმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზადაა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპოზიციასთან „ცივილიზებულ ფორმატში“ დიალოგისთვის.
დავითულიანის განცხადებით, მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მოიპოვა, შესაბამისად, ქუჩაში ოპოზიციის მომხრეების გამოსვლა მილიონამდე ადამიანის ნებას ვერ შეცვლის.
„ოპოზიციის სცენარია, რომ ძალადობრივი გზით მიიტაცონ ის, რაც ქართველ ხალხს მათთვის არ მიუნიჭებია. ცესკოსთან ვითარების ესკალაციის მიზანი ოპოზიციის მხრიდან არჩევნების რეალური მტკიცებულებების განადგურება იყო", – განაცხადა დავითულიანმა.
მისი განმარტებით, შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი ხალხის ნების აღსრულება და ოპოზიციის მხრიდან სამართლებრივ ჩარჩოებში მოქმედებაა.
ოპოზიციამ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა, კვირას რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია ჩაატარა. აქციის მონაწილეებმა ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვეს – გადაწყვეტილების მისაღებად მას დრო 20:00 საათამდე მისცეს. აქციამ გუშინ პოლიტიკური შედეგი არ მოიტანა და პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა.
დღეს პარლამენტის შენობის წინ ოპოზიცია მორიგ აქციას გამართავს და სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს.