თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. ცესკოსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დასასრულს უახლოვდება, ორშაბათს საღამოს 18:00 საათზე ახალი აქცია დაანონსდა, ამის შესახებ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
დღეს ოპოზიციის ლიდერებმა მომიტინგეებს მოუწოდეს ცესკოს შენობის ბლოკირებისკენ, სადაც მათ პარლამენტის ტერიტორიიდან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებს ძალოვანებმა დაშლისკენ მოუწოდებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დარბევით დაემუქრნენ. ცესკოს შენობასთან სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მომიტინგეებმა გამყოფი ჯებირის გარღვევა სცადეს და ეს ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ყველამ დავინახეთ, რომ ხელისუფლება, რეჟიმი არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის. ძალადობის გარდა, ის ვეღარაფერს აკეთებს და ვეღარც გააკეთებს, რადგან არის მოძალადე. ხვალ ეს ბრძოლა არ შენელდება და რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე ვიკრიბებით ერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მანამდე ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ისინი არ დაიშლებიან, სანამ არ შესრულდება მათი სამი მოთხოვნა - ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თუმცა მათ გეგმები შეცვალეს. ეს იმით ახსნეს, რომ მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად დასველდნენ და მათ დასვენება და მომდევნო აქციებისთვის ძალების მოკრება სჭირდებათ.
„ყველას ვაჩვენეთ, რომ ვაჟკაცობაც გვაქვს, შეუპოვრობაც, ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო გვიყვარს და ჩვენ მათგან განსხვავებით ვუფრთხილდებით, იმათაც ვუფრთხილდებით და ერთმანეთსაც. ყველა სველია აქ. ახლა რომ არ დავიშალოთ, ხვალ ვერც ერთი ვიქნებით საბრძოლოდ. მშვიდად, წყნარად, ორგანიზებულად, როგორც შეგვეფერება ქართველებს, მებრძოლებს, წავიდეთ, დავისვენოთ და ხვალ, ექვს საათზე, რუსთაველეზე ვაჩვენოთ, რომ ამათი არავის ეშინია. ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველოს გაუმარჯოს“, – განაცხდა ალეკო ელისაშვილმა.
ცესკოს შენობასთან, სადაც ცეცხლია დანთებული, აქციის მონაწილეები ჯერ კიდევ რჩებიან. შენობის პერიმეტრს სპეცრაზმი იცავს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.
მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.