ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს

© photo: Sputnik / Stringerქართული ტელეარხების ოპერატორები
ქართული ტელეარხების ოპერატორები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრების განცხადებით, ხელისუფლება მასმედიას მიზანმიმართულად უშლის ხელს მუშაობაში.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართეს საპროტესტო აქცია სლოგანით – „ნუ გვაბრმავებთ“, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ კვირას ცესკოს მთლიანი აპარატის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი ცესკოსთან, სადაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულები და დაკავებულები. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრების განცხადებით, ხელისუფლება მედიას მიზანმიმართულად უშლის ხელს მუშაობაში. მათი განცხადებით, ამის მაგალითი საპროტესტო აქციებზე დაშავებული ჟურნალისტები არიან.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

 - Sputnik საქართველო
მუქარა და დაშინება ჟურნალისტების მიმართ – საზოგადოებრივი მაუწყებელი განგაშს ტეხს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გასული წლის 20 ივნისის და გუშინ ცესკოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მასმედიის დაშავებული თანამშრომლების საქმეზე გამოძიების დაწყებაც მოითხოვა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდიან.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება, შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად უშლიან ხელს. საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს დროულად ინფორმაცია მრავალი წყაროდან, რაშიც რეალურად ეშლებათ ხელი. ამაზე არ რეაგირებს ხელისუფლება და, შესაბამისად, ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას“, – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე ნანა ბიგანიშვილი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა პოლიციამ დაიცვას და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, შეუქმნას მათ ნორმალური სამუშაო პირობები.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ და არც არჩევნების მეორე ტურში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას. ოპოზიცია მეცხრე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0