„წამზომი ჩართულია“: ოპოზიციამ ხელისუფლებას სამი მთავარი მოთხოვნა წაუყენა

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა მელია ოპოზიციის აქციაზე
ნიკა მელია ოპოზიციის აქციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა მოხდება 20:00 საათის შემდეგ, თუ ჟვანია არ გადადგება, ოპოზიციონერებს არ დაუკონკრეტებიათ. ასევე ჯერჯერობით უცნობია ოპოზიციის უახლოესი სამომავლო გეგმები

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენება საღამოს რვა საათამდე მოითხოვა.

„საღამოს რვა საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი, გადააყენოს ჟვანია, ქალბატონი გამყალბებელი და თქვენის სახელით, ოპოზიციის წარმომადგენლები მზად ვართ, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. ივანიშვილო, საქართველოს არის ეს, საქართველო არ ხარ შენ. შენ ხარ უზურპატორი და უზურპატორი წავა და თუ არ წავა, გაგიშვებთ. უკან დასახევი გზები ჩახერგილია“, – განაცხადა მელიამ.
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: აქტიურად ვმუშაობთ მრავალპარტიული პარლამენტისთვის

მანამდე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საპროტესტო აქცია გახსნა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მიმართვა გააცნო.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. ჩვენ, ოპოზიციური ძალები მივიჩნევთ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, რადგან ის არ ასახავს ხალხის ნებას. ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე. ეს პოზიცია სრულად გაიზიარა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც შევიდა და ვერ შევიდა გაყალბებული ციფრებით პარლამენტში. დაფიქსირდა უპრეცედენტო ოპოზიციური ერთიანობა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები ჩამოაყალიბა, მათ შორის კვლავ გაჟღერდა თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა.

„აქ შეკრებილი ადამიანები ვითხოვთ – ხელახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს არჩევნები ვერ იქნება მიახლოებულიც კი თავისუფალთან, თუ არ შესრულდება მეორე მოთხოვნა. თამარ ჟვანია უნდა გადადგეს. კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით. და ბოლოს, ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული. წამზომი ჩართულია და ივანიშვილს დრო აქვს 20:00 საათამდე, რომ გამოვიდეს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებზე ელაპარაკოს ხალხს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციის მიტინგი თბილისში - Sputnik საქართველო
პარლამენტის წინ ოპოზიციის მიტინგი მიმდინარეობს - ვიდეო

თუ რას მოიმოქმედებს ოპოზიცია აღნიშნული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ცნობილი 8 საათის შემდეგ გახდება. ამასთან დაკავშირებით ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ დავიღლებით და გავჩერდებით, ძალიან ცდებით. სასწორზე დევს ყველაზე მნიშვნელოვანი, სასწორზე დევს ამ ქვეყნის მომავალი. ასე რომ, ეს პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება. თქვენ ხედავთ, რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. კიდევ უფრო მეტი გამოვა, რადგან ეს ხალხი ითხოვს ცვლილებებს და აუცილებლად მიაღწევს ამ ცვლილებებს. მეტი გეგმა არ გვაქვს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ულტიმატუმს უკვე გამოეხმაურნენ.

„ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ. იმედი მაქვს, ძალიან მალე ისინი თავად გაათვიცნობიერებენ თავისი პოზიციების აბსურდულობას, ძალიან მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან და ძალიან მალე დაუბრუნდებიან საარჩევნო პროცესს, ოდნავ მოგვიანებით საპარლამენტო ცხოვრებას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა.

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
ჟორჟოლიანი პრეზიდენტსა და მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდებს

თბილისსა და ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1 800 საჩივარი შევიდა, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0