თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისსა და ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.
ოპოზიცია აპროტესტებს 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იღებს საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობის ერთპიროვნული ჩამოყალიბების უფლებას.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ კენჭისყრა გაყალბებულია და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
პარლამენტთან აქტივისტებმა მოაწყვეს ერთგვარი ექსპოზიცია და მას ცესკოს თავმჯდომარის, „თამარ ჟვანიას სახელობის ფალსიფიკაციის მუზეუმი“ დაარქვეს.

აქ გამოფენილია ცესკოს წევრების და იმ ოქმების ფოტოები, რომლებსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს.
„ნაცმოძრაობის კოლონა“ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. მათ უკავიათ ტრანსპარანტები წარწერებით „ჩვენ დავიცავთ ხმებს“ და „ოცნება დასრულებულია“.

„ლელო“ მხარდამჭერები ზაარბრიუკენის მოედანზე შეიკრიბნენ, „გირჩელები“ თავისუფლების მოედნიდან დაიძრებიან.
თბილისისკენ სხვადასხვა მხრიდან ოპოზიციის მხარდამჭერთა ავტოკოლონები უახლოვდება. მათ პოლიცია აცილებს. რუსთაველის გაზმირი გადაკეტილია.
პარლამენტთან დამონტაჟდა სცენა, დაყენებულია ხმის აპარატურა.

ამ დროისათვის აქციაზე დაახლოებით სამი ათასი ადამიანია შეკრებილი.
ორგანიზატორები ადრე აცხადებდნენ, რომ მონაწილეებს პირბადეები დაურიგდება, დისტანცია კი დაცული იქნება. ყველაფერი საკმაოდ ორგანიზებულად გამოიყურება.

ძირითადად, მონაწილეებს პირბადეები უკეთიათ. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ზედმიწევნით გააკონტროლებენ ამას და სიტუაციის გასაკონტროლებლად მობილური ჯგუფებია შექმნილი. თუმცა აშკარაა, რომ მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.
