თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. ფოთში საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიცია შეიკრიბა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
„საოლქო, გრცხვენოდეს", „გაყალბებისთვის მოგეთხოვებათ" - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ფოთში ოპოზიცია საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავს. როგორც ისინი აცხადებენ, N70 საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი საჩივრები არ განიხილა და სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. ასევე აცხადებენ, რომ სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ და ხვალ დედაქალაქში დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.
„ვაპროტესტებთ არჩევნების გაყალბებას... კანონის არცერთი პარამეტრი არ იყო დაცული. საოლქოში ჩვენი საჩივრები არ განიხილეს. მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ მაინც გრძნობდნენ თავს დამნაშავედ, კიდევ აქეთ დიდგულობენ, ამიტომ სასამართლოში გავასაჩივრეთ. მოსამართლეს მოვუწოდებთ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება. ხვალინდელ აქციას ვუერთდებით, უკან არცერთი ნაბიჯით არ დახევა არ იქნება, ვიბრძოლებთ ბოლომდე, გამარჯვებამდე“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.
ოპოზიცია კვირას, 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ცესკოს მონაცემებით, პარლამენტში შვიდი პარტია და ორი ბლოკი შედის. თუმცა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს დეპუტატობის მანდატებზე. ოპოზიცია ასევე უარს აცხადებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 17 ერთმანდატიან ოლქში უნდა გაიმართოს.
ნიკა ლატარია