თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება ჩაატარონ საპროტესტო აქციები, მაგრამ ეს ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით უნდა მოხდეს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ დააწესა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.
ლომჯარია: საპროტესტო აქციებზე ვერ ხერხდება სოციალური დისტანციისა და წესების დაცვა >>
თბილისსა და ბათუმში 8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. უკვე 9 ნოემბრიდან ამ და კიდევ ხუთ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილება შეიზღუდება.
„ჩვენ არ ვუშლით არავის ხელს, რომ გამოხატონ თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ყველა წესის დაცვით. უნდა ვატაროთ პირბადე სულ, გარე სივრცეშიც და შიდა სივრცეშიც, დავიცვათ დისტანცია და აქციაზე ამ წესების დაცვა არის რთული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ აქციები კორონავირუსის სწრაფი გავრცელების დამატებითი მიზეზია.
„აქციები არის დადებითი მხარე ვირუსისთვის, დამატებითი შესაძლებლობაა ვირუსისთვის, რომ გავრცელდეს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი ტიპის აქტზე, სადაც დამატებითი ემოციები ჭარბობს, არაა დაცული პირბადის ტარების წესი, არაა პირბადე სწორად გამოყენებული, ეს ყველაფერი არის დამატებითი საფრთხე. დიდია ალბათობა, რომ შემდეგი კვირების განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა გვექნება“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
1 ნოემბრიდან თბილისში, რომელიც აქციების ეპიცენტრად იქცა, დაავადებულთა რაოდენობა 6 038-ით გაიზარდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 859-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 54 852-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 39 773 ადამიანი, გარდაიცვალა – 441, კარანტინის რეჟიმშია 3 015, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 670 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 599 ადამიანი იმყოფება.