თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებაში დახმარებას სთავაზობენ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. ოპოზიციამ არ ცნო არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მმართველმა ძალამ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა, და უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. ოპოზიციის ლიდერები თვლიან, რომ შედეგები გაყალბებულია და მოითხოვენ ახალი არჩევნების დანიშვნას. მათი განცხადებით, ამას მოწმობს საოლქო კომისიების და სასამართლოების მიერ უარის თქმა საჩივრების განხილვაზე.
„დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა. მზად ვართ, ამ მიზნების მისაღწევად, საჭიროებისამებრ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, - ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობების განცხადებაში.
მისიები ასევე მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ არჩევნებზე მომხდარი დარღვევების განხილვა დემოკრატიული პროცესების ფარგლებში არსებული სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, რომლებსაც საქართველო ბოლო 20 წლის განმავლობაში აშენებდა.
„საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა, პანდემია და რეგიონული დაძაბულობა; ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან მათ ოპოზიციის მასშტაბური მიტინგების მონაწილეებს მიმართეს.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, მოვუწოდებთ, განახორციელონ ეს მშვიდობიანად და COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით; ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციამ 8 ნოემბრისთვის თბილისსა და ბათუმში დაგეგმა ორი მასშტაბური საპროტესტო აქცია, სადაც თავის სამოქმედო გეგმასა და მომდევნო მოთხოვნებს გაახმოვანებს.