თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა კაპანაძემ ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი ამ დღეებში ხორვატიის ქალაქ პორეჩში მიმდინარეობს.
66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კაპანაძემ ფინალამდე დამაჯერებლად მოიგო ოთხი შეხვედრა, აქედან სამი – იპონით, მაგრამ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელთან კაზბეკ ნაგუჩევთან დამარცხდა.
კაპანაძის გარდა იუნიორთა ჩემპიონატის ტატამზე პირველ დღეს კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, თუმცა ორივემ პირველივე რაუნდში წააგო. შაქრო შათირიშვილი (–60) ხეტაგ ბასაევთან (რუსეთი), ხოლო ბექა წიფიანი (–66) მარკ ლეტისევთან (მოლდოვა) დამარცხდა.
ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებს სამი ძიუდოისტი წარმოადგენს: გიორგი ჩიხლაძე (–73), გიორგი შერაზადიშვილი (–81) და ვლადიმერ ახალკაცი (–81).
იუნიორთა ჩემპიონატი 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.