თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის საარჩევნო კომისიებს ხმების დათვლა ჯერ არ დაუსრულებიათ და საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ისევ არ არის ცნობილი.
წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს დემოკრატი ჯო ბაიდენი. საბოლოოდ საქმეს ამომრჩეველთა კოლეგიის (ელექტორალის) ხმათა რაოდენობა გადაწყვეტს. კანდიდატს გამარჯვებისთვის 538 ელექტორალიდან 270-ის ხმა ესაჭიროება. ამ დროისათვის ბაიდენს 264, ხოლო ტრამპს 214 ელექტორალი უჭერს მხარს.
წამყვანი ამერიკული მედიის ცნობით, გამოსაცხადებელი დარჩა ოთხი შტატის შედეგები:
- პენსილვანია (ელექტორალის 20 ხმა) — დამუშავებულია ბიულეტენების 89%, ლიდერობს დონალდ ტრამპი 50,7%-ით;
- მიჩიგანი (16 ხმა) — დამუშავებულია ბიულეტენების 99%, ლიდერობს ჯო ბაიდენი 50,5%-ით;
- ნევადა (ექვსი ხმა) — დამუშავებულია ბიულეტენების 75%, ლიდერობს ჯო ბაიდენი 49,3%-ით;
- ალასკა (3 ხმა) — დამუშავებულია ბიულეტენების 52,94%, ლიდერობს დონალდ ტრამპი 62,1%-ით.
ცოტა ხნის წინ დასრულდა ხმების დათვლა ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში, სადაც წინასწარი მონაცემებით ლიდერობს პრეზიდენტი ტრამპი — 50,1%-ით 49,7%-ის წინააღმდეგ.
თუ ბაიდენმა მიჩიგანის შტატში უპირატესობა შეინარჩუნა, მაშინ პრეზიდენტის პოსტს ის დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა სარჩელი შეიტანა მიჩიგანის სასამართლოში და, შტატში ხმების დათვლის შეჩერების გარდა, ასევე მოითხოვა უკვე დათვლილ ბიულეტენებზე წვდომა.
ასეთივე სარჩელია შეტანილი პენსილვანიის სასამართლოშიც.
ამას გარდა მოქმედი პრეზიდენტის შტაბმა მოითხოვა ხმების თავიდან გადათვლა ვისკონსინში. გამომდინარე იქიდან, რომ კანდიდატების ხმებს შორის ერთ პროცენტზე ნაკლები სხვაობაა, კანონი ხმების თავიდან დათვლის საშუალებას იძლევა.