თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. თბილისსა და სხვა ქალაქებში, თითქმის ყველა საოლქო კომისიის შენობასთანოპოზიციის მცირე, მაგრამ ძალიან ხმაურიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
საოლქო კომისიებმა უნდა გადაამოწმონ საუბნო კომისიების შედეგები და საჩივრების განხილვის საფუძველზე ხმების დათვლის შედეგებს გადახედონ. ამის გაკეთება უწევთ საშინელი, აუტანელი ხმაურის ფონზე - ოპოზიციამ კომისიების პიკეტირებაში ახალგაზრდები ჩართო, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით საყვირებს აყვირებენ.
ყველა შენობასთან მობილიზებულია პოლიციის თანამშრომლები.
განსაკუთრებული ხმაურია საბურთალოს და ისნის საოქლო კომისიებთან. საბურთალოს საოლქო კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვა იწყება, პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ლიდერ ალეკო ელისაშვილს, ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა.
„ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ანზორ ბიწაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან მათი სიის მეოთხე ნომერი ოთარ თავართქილაძე დააკავეს, რომელსაც, მისი თქმით, ამ დრომდე დეპუტატის იმუნიტეტი იცავს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამავე პარტიის კიდევ ორი წევრია დაკავებული.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე საოლქო კომისიებთან შექმნილი ვითარება შეაფასა.
„საოლქო კომისიების სხდომები გამჭვირვალე და ღიაა“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი ადასტურებს, რომ მათი „რეალური მიზანი საერთოდ არაა რაიმეს დაზუსტება. პირიქით, მათ ეშინიათ დაზუსტების, იქიდან გამომდინარე, რომ ხმების გადათვლა იმ შედეგებს დაადასტურებს, რაც საბოლოო ჯამში, ფიქსირდება ცესკო-ს მიერ“.
ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ამომრჩეველთა ხმების 48,22% აქვს და 13 მაჟორიტარულ ოლქში მოგების შედეგად ის საპარლამენტო უმრავლესობას აყალიბებს. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა უარი მანდატებზე და 17 ოლქში მეორე ტურში მონაწილეობაზე. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და უქმეებზე თბილისსა და ბათუმში ამ მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს განზრახ დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოწმობენ.