თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ფეხბურთელ დიეგო მარადონას თავის ტვინზე საათ-ნახევრიანი ოპერაცია ჩაუტარდა, იუწყება არგენტინული გაზეთი Clarin.
მანამდე სამედიცინო გამოკვლევის დროს ლეგენდარულ ფეხბურთელს თავში ჰემატომა აღმოაჩნდა, რაც თავის არეში დარტყმით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული.
ამ დროისათვის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი უკვე გამოსულია ნარკოზიდან და თავს კარგად გრძნობს. ის ქალაქ ოლივოსის ერთ-ერთი კლინიკის თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
გამოცემა ასევე წერს, რომ მარადონას ოჯახის წევრები, სანამ ოპერაციის ჩატარებაზე თანხმობას განაცხადებდნენ, გარკვეული ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ ქირურგიული ჩარევის მიზანშეწონილობაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ოპერაციას ექიმები მაღალი რისკის კატეგორიას არ მიაკუთვნებდნენ.
დიეგო მარადონას კლინიკაში რამდენიმე დღით დარჩენა მოუწევს.