თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომ მან უკვე გაიმარჯვა არჩევნებში, კენჭისყრის შედეგების დათვლა არ შეწყდება, აცხადებენ პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბში.
„კენჭისყრის შედეგების დაჯამება გაგრძელდება მანამ, სანამ წესის მიხედვით მიცემული თითოეული ხმა არ დაითვლება. <...> [ტრამპის განცხადებები] აღმაშფოთებელია, ვინაიდან ეს არის ღია მცდელობა, წაართვას ამერიკის მოქალაქეებს დემოკრატიული უფლება. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. მანამდე ჩვენს ისტორიაში აშშ-ის არც ერთ პრეზიდენტს არ უცდია ამერიკელებისთვის არჩევნებზე ხმის წართმევა“, — განაცხადა ბაიდენის საარჩევნო შტაბის მენეჯერმა ჯენ ო’მელი–დილონმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი „მუქარას შეასრულებს და სასამართლოს მიმართავს ხმების სათანადოდ დათვლისთვის ხელის შესაშლელად“, მათ ჰყავთ იურისტების გუნდი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ ძალისხმევას.
მანამდე დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვიდა თეთრ სახლში და განაცხადა, რომ მზადაა იზეიმოს გამარჯვება არჩევნებში, ვინაიდან შედეგები „ფენომენალური“ აღმოჩნდა. ამასთან მან აღნიშნა, რომ არჩევნებს თაღლითობის გარეშე არ ჩაუვლია და მის შტაბს არ სურს, რომ „დემოკრატებმა დილის ოთხ საათზე ახალი ბიულეტენები იპოვონ და ისინი სიას დაუმატონ“.
ტელეარხ Fox News-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 238 ხმა აქვს, ხოლო დონალდ ტრამპს — 213. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით ხმები ყველა შტატში დათვლილი არ არის, რომელიმე კანდიდატის გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია.
თუმცა, როგორც ახლახან გახდა ცნობილი, იმ შვიდი შტატიდან, რომლებშიც ხმები ჯერ არ დათვლილა, წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი ლიდერობს.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმას მიიღებს.