თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის თავს კარგად გრძნობს, ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
ნათია მეზვრიშვილს კოვიდ-ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.
„დამიდასტურდა Covid -19. კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას. მადლობა ყველას მოკითხვისთვის“, - წერს მეზვრიშვილი.
დღეს კორონავირუსი ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც დაუდასტურდა, რომელიც თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა, რადგან ვირუსი მისი დაცვის რამდენიმე წევრს გამოუვლინდა.
კოვიდ-ინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1852-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 42579-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი გარდაიცვალა 342. კარანტინის რეჟიმშია 2 977, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 293 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 204 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.