თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ულტრანაციონალისტური პარტია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“ ხვალიდან „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირებას იწყებს, განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი შიხიაშვილმა მმართველი პარტიის ოფისთან.
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ მარშს“ ხმა 4767 ამომრჩეველმა მისცა, რაც ხმების 0.25%-ია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%, მაჟორიტარობის კანდიდატებმა კი ხმების 50%–ზე მეტი უნდა მოიპოვონ.
ამ მონაცემებით, „ქართული მარში“ პარლამენტის მიღმა რჩება. ირაკლი შიხიაშვილის თქმით კი, „ქართული მარში“ ამ საპარლამენტო არჩევნებზე 10 მანდატს მოპოვებას ვარაუდობდა.
„მე აქ არ მოვსულვარ იმისათვის, რომ გავაპროტესტო პროცენტები, ჩვენ აქ ვაფიქსირებთ იმას, რომ ხვალიდან „ქართული მარში“ დაიწყებს „ქართული ოცნების“, როგორც მთავარი გამყალბებლის შტაბის, პიკეტირებას. მოთხოვნით -გაუქმდეს არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, სადაც არავის არ ექნება შესაძლებლობა მოპაროს საზოგადოებას მისი არჩევანი“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ დააყაჩაღა ქართველი ხალხის ნება.
რაც შეეხება რუსთაველზე ოპოზიციური ძალების ანალოგიური მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას, ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, „ქართული მარში“ მას არ უერთდება.
ქართული ოცნების ოფისთან მისულმა „ქართული მარშის“ ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ მათი მოძრაობა მმართველი პარტიის სატელიტია.
ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, „ქართული მარშის“ პროტესტი იქნება საკმაოდ რადიკალური და მანამდე გაგრძელდება, სანამ მმართველი გუნდი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს, 16:00 საათზე შეიკრიბნენ – ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ.
საპროტესტო აქციაზე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი იმყოფებოდა, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, გარდა „პატრიოტთა ალიანსის“ და პარტიის „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.