თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, საკანონმდებლო ორგანოში შვიდი პარტია და ორი ბლოკი შედის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 847 საარჩევნო უბნის მონაცემების დამუშავება დაასრულა.
ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებული მონაცემებით, პარლამენტში შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (48,15%) და ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია“ (27,14%), რომლის შემადგენლობაშიც შედის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
1%–იანი ბარიერი გადალახეს შემდეგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა:
– „ევროპული საქართველო“ (დავით ბაქრაძე) – 3,78% (72 752 ხმა)
– „პატრიოტთა ალიანსი“ (ირმა ინაშვილი) – 3,15% (60 493)
– „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე) – 3,16% (60 691)
– „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15% (60 592)
– „გირჩი“ (ზურაბ ჯაფარიძე) – 2,89% (55 600)
– „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33% (60 493)
– „ლეიბორისტული პარტია“ – 1% (19 281).
დანარჩენმა პარტიებმა 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
ხვა პარტიები, მათ შორის, ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო" (0,85%, 16 328 ხმა)1%–იან ბარიერს ვერ ლახავენ.
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%, მაჟორიტარობის კანდიდატებმა კი ხმების 50%–ზე მეტი უნდა მოიპოვონ.
ქვეყანაში არჩევნები პირველად გაიმართა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური 16 ოლქში – თბილისის რვა და რეგიონების რვა ოლქში ჩატარდება. რეგიონების დანარჩენ რვა ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.