თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დამკვირვებლების მიერ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულია 130-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, დამკვირვებლებმა 31 საჩივარი დაწერეს, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დღის მეორე ნახევარში ზოგიერთი უბნის გარეთ პროცესი გარკვეული დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა უბნების უმეტესობაში კვლავაც სიმშვიდეა.
რაც შეეხება დაფიქსირებულ დარღვევებს, ორგანიზაცია ყურადღებას შემდეგ ფაქტებზე ამახვილებს:
ფიზიკური დაპირისპირება და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტზე თავდასხმა
- გლდანის #39 საჯარო სკოლასთან, სადაც 3 საარჩევნო უბანია განლაგებული, შენობის მიმდებარედ სხვადასხვა პარტიის აქტივისტებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა „ტვ პირველის" ჟურნალისტი ანა ახალაია. ასევე, ონლაინ მედია „პუბლიკას" ჟურნალისტს დაუმტვრიეს ტელეფონი. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლასთან დღის განმავლობაში ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი მოხდა და პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
დამკვირვებლების გამოძევება
- ხელვაჩაურის #30.83.13 უბანზე ჩვენი მობილური დამკვირვებელი არ შეუშვეს, ვინაიდან მან უბნის გარეთ ფოტოები გადაიღო, რამაც კომისიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.
- მარნეულის #13.23.13 დამკვირვებელი არასწორად გააძევეს უბნიდან, ის უღებდა კაბინას ფოტოს გარედან, რადგან 3 ამომრჩეველი იყო ერთდროულად შესული კაბინაში.
კენჭისყრის ფარულობის დარღვევა
- გორის #15.32.67 უბანზე სტაციონარული ვიდეო კამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა.
- დმანისის #14.24.19 უბნის კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა იქვე მყოფ პირს აჩვენა შემოხაზული ბიულეტენი.
- თელავის #10.17.39 უბანზე რამდენიმე ადამიანი კაბინაში მიყვებოდა ამომრჩეველს კაბინაში, რაზეც თავმჯდომარე არ რეაგირებდა.
- გარდაბნის #13.21.58 ერთ-ერთი დამკვირვებელი კაბინაში შეყვა ამომრჩეველს და დაეხმარა ბიულეტინის შევსებაში.
- ახალქალაქის #18.40.35 უბანზე კომისიის ორმა წევრმა ხმის მიცემის შემდეგ საკუთარ ბიულეტენს კონვერტში ჩადებამდე გადაუღო ფოტო.
- ადიგენის #17.38.12 უბანზე დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც ამომრჩევლები ერთმანეთის კაბინებში გადადიოდნენ და შემოხაზულ ბიულეტენს სხვებს აჩვენებდნენ.
- გლდანის #08.10.108 უბანზე სპეციალურ სიაში რეგისტრირებულ ისეთ ამომრჩეველს, რომელსაც მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა, მაჟორიტარულ არჩევნებშიც მიაღებინეს მონაწილეობა.
მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში
- გურჯაანის #09.12.02 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი დამკვირვებელს სისტემატურად კარნახობდა მოსული ამომრჩევლის სახელს, გვარსა და პირად ნომერს.
არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნა
- ახალციხის #17.37.29 უბანზე ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის” დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ახალციხის საკრებულოს წევრი ამბარცუმ ბაბოიანი, საკრებულოს წევრობა შეუთავსებელია დამკვირვებლის სტატუსთან.
კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა
- მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ ბევრ უბანზე არ იცავენ კოვიდუსაფრთხოების წესებს. გარდა ამისა, რუსთავის #12.20.08 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ვერ აკონტროლებს რიგს, უბანზე მოქალაქეები ვერ იცავენ დისტანციას.
მარკირების წესების დარღვევა
- რუსთავის #12.20.66 უბანზე ისეთ ამომრჩეველს მიაცემინეს ხმა, რომელსაც უკვე აღენიშნებოდა მარკირება.
- გლდანის #08.10.30 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი მისთვის ნაცნობ ამომრჩევლებს არ უმოწმებდა პირადობის მოწმობებს და მარკირებას.
პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა
- წალენჯიხის #25.68.11 უბანზე პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს ხმა.
გადასატან ყუთთთან დაკავშირებით არსებული პრობლემები
- წყალტუბოს #22.58.29 უბნის გადასატანი ყუთის სია შევსებული იყო პირადი ნომრების გარეშე. რამდენიმე შემთხვევაში კი კომისიის წევრებმა პირადი ნომერი შეავსეს გადასატანი ყუთის უკან დაბრუნების შემდეგ.
- გარდაბნის #13.21.21 უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულმა პირმა საარჩევნო უბანზეც მისცა ხმა და გადასატანი ყუთითაც.
- ქუთაისი #23.59.55 უბანზე დარღვეულია გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.