თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ამომრჩევლები, რომლებიც კოვიდ–სასტუმროებსა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან, საპარლამენტო არჩევნებზე ხმას გადასატანი საარჩევნო ყუთების საშუალებით აძლევენ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში იმართება. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად, 127 სპეციალური საარჩევნო უბანია შექმნილი. ჯამში სულ დარეგისტრირებულია 10 845 ამომრჩეველი: ცესკოს სპეციალური სიებით, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ია, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 7 150-ს, მათ შორის არის სამედიცინო პერსონალიც.
სპეციალური საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათამდე გასტანს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 3001 ადამიანი, სტაციონარებში – 4 136, სასტუმროებში – 2 245.
პანდემიის დაწყებიდან სულ გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 38936 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 22691, გარდაიცვალა 307 პაციენტი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.
მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.