თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა, განაცხადა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ.
ცესკო: ყველაზე მეტი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა >>
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა.
პარმენ ჯალაღონიას თქმით, აჭარის სამი მაჟორიტარული ოლქის 373-ივე უბანი დახურულია და დაწყებულია ხმის დათვლის პროცედურა.
31 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბანზე მისულმა 186 182-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ანუ 314 889-ის 59,12% პროცენტია. 2016 წლის არჩევნების აქტივობის მაჩვენებელი იყო – 52,97%, რაც 163 419 ამომრჩეველს შეადგენს.
ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით ასეთია: ბათუმის ოლქი – 81 222 ამომრჩეველი – 55,14%; ქობულეთის ოლქი – 43 186 ამომრჩეველი – 60,9%; ხელვაჩაურის ოლქი – 25 402 ამომრჩეველი – 60,9 %; შუახევის ოლქი – 10 057 ამომრჩეველი – 66,52%; ქედის ოლქი – 11304 ამომრჩეველი – 71,9%; ხულოს ოლქი – 15 011 ამომრჩეველი – 61,96%. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის ოლქში.
ხმების დათვლა კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყეს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაუყოვნებლივ მიეწოდება უსკო-ს და მიღებისთანავე აიტვირთება უსკოს ვებ-გვერდზე (www.usko.ge).
აჭარის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დაწერილია დაახლოებით 40-მდე საჩივარი. ნაწილი დარღვევებისა ძირითადად ადგილზევე აღმოიფხვრა, იყო პროცედურული ხასიათის. საჩივრები ორი დღის ვადაში განიხილება შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ.
უკვე დაიწყო ხმის დათვლა 24-ვე სპეცუბანზეც, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა სამკურნალო და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისათვის. აღნიშნულ უბნებზე საჩივარი არსად არ დაფიქსირებულა.
ბაქრაძე: „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია ხალხის ნდობის საკმარისი მანდატი >>
წელს საქართველოში კორონავირუსის გამო არჩევნები განსაკუთრებულ და უჩვეულო გარემოში ჩატარდა, მოსახლეობის დაცვის მიზნით საარჩევნო უბნებზე განსაკუთრებული წესები მოქმედებს.
პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ცესკომ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან, 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შექმნა. გადასატანი საარჩევნო ყუთი 4 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მოითხოვა.