თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 438 ნიმუშებიდან 60-ზე დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
რეგიონში დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 26 დაფიქსირდა ზუგდიდში, 12 შემთხვევა – ფოთში, 5 – ხობში, 4 – წალენჯიხაში, 6–6 შემთხვევა გამოვლინდა სენაკსა და მესტიაში და 1 – ჩხოროწყუში. ინფიცირებულთა უმეტესობა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, დანარჩენი კი ცხელებით შესული პაციენტები არიან.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 130 კოვიდ-პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.
გასულ დღე–ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 151 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 37263-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 19810 ადამიანი, გარდაიცვალა – 285, კარანტინის რეჟიმშია 3070, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4200 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2324 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია