თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ყველა ღონისძიებაა გატარებული იმისთვის, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა უსაფრთხო იყოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.
იმნაძის განცხადებით, პრაქტიკულად, არ არსებობს შანსი, რომ არჩევნებზე ადამიანს კორონავირუსი ვინმესგან გადაედოს.
„ამაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, გავითვალისწინეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც არჩევნები ჩატარდა, შემუშავდა ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი საარჩევნო კომისიისთვის. როგორც საარჩევნო კომისიების წევრების, ასევე უშუალოდ არჩევნებზე მისული მოქალაქეების დაცვის მხრივ ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით დიდი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა“, -განაცხადა იმნაძემ.
პროტოკოლის მიხედვით, არჩევნებზე ამომრჩევლები ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ, გაიარონ დეზობარიერი და დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით. ნიღბის მოხსნა რამდენიმე წამით ორჯერ მოუწევთ – პირადობის მოწმობის წარდგენისას და საარჩევნო კომისიის წევრის მიერ სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმებისას.
თითოეულ ამომრჩეველს გადაეცემა ინდივიდუალური კალამი, რომელსაც ის სპეციალურ კონტეინერში დატოვებს მას შემდეგ, რაც სასურველ კანდიდატს შემოხაზავს.
შეიცვალა ფარული კენჭისყრის კაბინებიც. კაბინებში აღარ იქნება ფარდები, შესასვლელი კი კედლის მხრიდან ექნება, რათა ფარულობის პრინციპი არ დაირღვეს.
ბევრი კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება.