თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორთან მომხდარ ავტოავარიაში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
ხუთშაბათს, გვიან ღამით თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე თურქული ნომრით მოძრავი სატვირთო მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. ბოლო ცნობებით, გარდაცვლილია ექვსი ადამიანი, ათი კი დაშავდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მართვის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.
„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. განსაკუთრებით ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს და ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსის მგზავრები „ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეები იყვნენ, რომლებიც თბილისიდან სამეგრელოში ბრუნდებოდნენ.