თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. „ევროპული საქართველოს" წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაძემ პარტია დატოვა, იტყობინება „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
გიორგი აბულაძემ, რომელიც „ევროპულ საქართველოს" 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა წალენჯიხაში, პარტიის დატოვების მიზეზად შესაძლო არეულობა დაასახელა, რაც არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" დამარცხებას შეიძლება მოჰყვეს. რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილ ხელმძღვანელს მედიასთან სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ არ სურს ამ პროცესის მონაწილე გახდეს და ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება არჩევნებამდე ერთი დღით ადრე.
აბულაძის თქმით, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრი სამი წლის განმავლობაში იყო, ის არცერთ პარტიასთან არ გეგმავს თანამშრომლობას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს - 120 პროპორციული სისტემით, 30 კი მაჟორიტარული წესით.
ნიკა ლატარია