გამყრელიძე: ბინაზე დატოვებულ უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობა არ სჭირდებათ

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშითერმომეტრი და აბები
თერმომეტრი და აბები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა – 12 384  პაციენტი ბინაზე მკურნალობს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ბინაზე დატოვებულ უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობა არ სჭირდებათ, ისინი აქტიურ კონტაქტზე უნდა იყვნენ ოჯახის ექიმთან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

112-ში ზარიდან კოვიდ კლინიკამდე - რა გზას გადის პაციენტი>>

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა ბინაზე მკურნალობს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ბოლო მონაცემებით, 18 750 აქტიური შემთხვევიდან საავადმყოფოებში მკურნალობს 4 022 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში იმყოფება 2 344 პირი, 12 384 კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

ექიმები კოვიდ–ცენტრში - Sputnik საქართველო
ვინ არის თქვენი პირადი ექიმი – ამის გაგებას სპეციალური ვებ-გვერდით შეძლებთ

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბინაზე მყოფი კოვიდ-ინფიცირებულები ექიმთან კონსულტაციასა და მონიტორინგს საჭიროებენ.

„თუ სიცხემ აუწია ბინაზე მყოფს, ჯობს დაურეკოს თავისი ოჯახის ექიმს, ამიტომ ჩვენი სლოგანი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდეთ ჩვენი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონი, არის აუცილებლობა. დავურეკოთ მას პროაქტიურად, შევეკითხოთ ხოლმე ხშირად და ის მოგვცემს დარიგებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, უახლოეს მომავალში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრით გაიგოს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. მისი თქმით, უწყება შესაბამის სისტემაზე მუშაობას უმოკლეს ვადაში დაასრულებს.

ჩხენკელი: გადამზადებული უფროსკურსელები ექიმებს უკვე ორშაბათიდან დაეხმარებიან>>

საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. ყოველდღიურად თითქმის 2 ათასამდე ახალი შემთხვევა დასტურდება. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33858-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 14829 პაციენტი, გარდაიცვალა 253 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0