ბადრი ესებუას მამა ისევ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

© Sputnik / STRINGERზუგდიდი
ზუგდიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტარიელ ესებუას სჯერა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და იმედოვნებს, საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული და სიმართლე გაირკვევა.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
ბადრი ესებუას მამა: ჩემი შვილი თავად იტყვის სიმართლეს

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

ტარიელ ესებუას განცხადებით, მის შვილს ამ შემთხვევასთან კავშირი არ აქვს და უდანაშაულოა. ის იმედოვნებს, რომ საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული და სიმართლე გაირკვევა. 

როგორც ეჭვმიტანილის ოჯახის წევრებმა მასმედიასთან გუშინ განაცხადეს, ბადრი ესებუა სახლიდან 21 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე გავიდა და თბილისში ექიმთან გაემგზავრა. თავდასხმის შემდეგ ბადრი ესებუა სახლში აღარ გამოჩენილა. ტარიელ ესებუას განმარტებით, მისი შვილი სახლში დაბრუნებას დღეს გეგმავს. 

სპეცოპერაცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
იძებნება! – შსს-მ ტერორიზმში ეჭვმიტანილის ფოტო გაავრცელა

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

26 ოქტომბერს, გვიან ღამით პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ბადრი ესებუას და მისი ნათესავების სახლებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში, სადაც ეჭვმიტანილი მუშაობდა, ჩხრეკა განახორციელა, თუმცა უწყება არ აზუსტებს, რაიმე სახის მტკიცებულებები ამოიღეს თუ არა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიციკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დამნაშავის ძებნის ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0